Image
gzavmili
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი

NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი

160 ნახვა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჩიკაგო ბულზის" მცველი ჯიმი ბატლერი. მან საშუალოდ მატჩში 38.0 ქულა, 9.3 მოხსნა და 6.3 შედეგიანი პასი დააგროვა და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ბატლერმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "შარლოტთან" (118:111) მატჩში, რომელშიც 52 ქულა დააგროვა. ეს იყო მეორე 50-ქულიანი მატჩი ჯიმის კარიერაში და პირველი "ბულზისთვის" მაიკლ ჯორდანის შემდეგ (1997).

დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო იყო "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტეფ კარი, რომლის მონაგარიც იყო - 31.8 ქულა, 5.5 შედეგიანი პასი და 4.5
მოხსნა. მისმა გუნდმა ოთხი მატჩიდან სამი მოიგო, კარი კი თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულას აგროვებდა.

სად დაიკარგა როუზი?
"ნიუ იორკის" გამთამაშებელს დერიკ როუზს არ უთამაშია "ნიუ ორლეანთან" გუშინდელ შეხვედრაში. ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, როგორც ირკვევა, კალათბურთელს არ გაუფრთხილებია საკუთარი გუნდის ხელმძღვანელობა და თამაშზე არ გამოცხადდა.

"ნიქსის" წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს როუზთან ტელეფონით დაკავშირება ან რაიმე სხვა გზით მასთან კონტაქტზე გასვლა. ამის შემდეგ, დერიკთან სახლში გაემგზავრნენ, მაგრამ მცველი არც იქ დახვდათ.

მოგვიანებით თავად როუზმა გამოაცხადა, რომ ოჯახური გარემოებების გამო მოუწია სასწრაფოდ მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში გამგზავრება.

"ყველაფერი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა "ნიუ იორკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეფ ჰორნაჩეკმა.

პრიჯიონიმ დაასრულა
არგენტინელმა გამთამაშებელმა პაბლო პრიჯიონიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, 39 წლის მცველმა კონტრაქტი გააფორმა ესპანეთის "ბასკონიასთან".

კარიერის დიდი ნაწილი პრიჯიონიმ ესპანეთში გაატარა, სადაც თამაშობდა "ბასკონიასა" და მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. ასევე ოთხი სეზონი გაატარა NBA-ში. იქ პაბლო "ნიუ იორკის", "ჰიუსტონისა" და "კლიპერსის" ღირსებას იცავდა. არგენტინის ნაკრებთან ერთად მას მოპოვებული აქვს 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი.
წყარო: sportall.ge
11-01-2017, 00:38
ავტორი: aTTiLa
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!