Image
gzavmili
თათა ჯაში: „ვცდილობ არ ვიყო მეოცნებე, საკუთარი სურვილებისა და მიზნების მისაღწევად თავს არ ვზოგავ“

თათა ჯაში: „ვცდილობ არ ვიყო მეოცნებე, საკუთარი სურვილებისა და მიზნების მისაღწევად თავს არ ვზოგავ“

2751 ნახვა
Gogaggg.tv-ს სპეციალური სტუმარია „შენ შეგიძლია ცეკვა“ მეგაშოუს მონაწილე, ქართველი ბალერინა- თათა ჯაში

1. თათა, გარკვეული პერიოდით ბერლინში ცხოვრობდით. გვიამბეთ, რას საქმიანობდით?
დიახ, ბერლინის სახელმწიფო საბალეტო სკოლაში ვსწავლობდი, იქვე დავამთავრე ბერლინის თეატრალური უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. თუმცა ჩემი იქ ცხოვრების მთავარი მიზეზი ბალეტი იყო, ვცეკვავდი ბერლინის შტაცოპერაში.

2. ანგელა მერკელის ფავორიტი ბალერინა იყავით. როგორ შეძელით?
უკვე მეტსახელივით შემერქვა მერკელის ფავორიტი ბალერინობა. მიმიწვიეს ღონისძიებაზე, სადაც ისიც ესწრებოდა და ჩემმა შესრულებამ ისე მოხიბლა, რომ შემდეგ ყველა სამთავრობო ღონისძიებაზე მიწვევდნენ, როგორც ბალერინას, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ერთად.

3. ხერხემალზე მიღებულმა ტრავმამ ძალიან იმოქმედა თქვენზე და სამომავლო გეგმები რადიკალურად შეცვალეთ
სწორედ იმ პერიოდში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველაფერი, რისთვისაც ვიშრომე და რასაც მივაღწიე, ერთი ტრავმით დასრულდა. დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ჩემი შრომით შექმნილი კარიერა და მომავალი დაიმსხვრა. მიუხედავად ძალიან მძიმე დეპრესიული ფონისა, თვითრეალიზება სხვა პროფესიაში შევძელი, რადგან უსაქმოდ ჯდომა ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი ერთერთი ძალიან კარგი სამსახური მარკეტინგის სფეროში იყო „ლა კასა ტინა“, იტალიური კომპანია შესანიშნავი კოლექტივით. თანამშრომლები ძალიან დამეხმარნენ რთული პერიოდის დაძლევაში.

4. როგორ აღმოჩნდით ტელეპროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“?
ყოველთვის ვადევნებდი თვალს ამ პროექტის სხვა ქვეყნების ანალოგს და რა თქმა უნდა დიდი სურვილი მქონდა, რომ მეც მომცემოდა შესაძლებლობა თავი ცეკვის სხვადასხვა სტილში გამომეცადა. როცა ტელეკომპანია იმედმა ეს პროექტი განახორციელა, ბევრი არც მიფიქრია, გავედი შესარჩევ ტურზე.

5. თათა ჯაშის ფავორიტი ბალერინა
ნინო ანანიაშვილი, მისი გრაციოზულობა და ნატიფი ხელის მტევნები განუმეორებელია, დიდი პატივია მისი დასის წევრობა.

6. ბალეტი, სადაც სიამოვნებით შეასრულებდით მთავარ პარტიას?
ჯულიეტა, ბალეტიდან „რომეო და ჯულიეტა“, ეს არის როლი, რომელსაც სიამოვნებით შევასრულებდი. მიყვარს ეს ბალეტი და ზოგადად შექსპირის ეს ნაწარმოები.

7. აუხდენელი ოცნება
ვცდილობ არ ვიყო მეოცნებე, საკუთარი სურვილებისა და მიზნების მისაღწევად თავს არ ვზოგავ.

8. თათა ჯაშის ჰობი
ჩემი ჰობი და განტვირთვის საუკეთესო საშუალება იარაღის სროლაა, ამიტომ ტირის ხშირი სტუმარი ვარ. ასევე მიყვარს ხატვა, ცხენზე ჯირითი და მოგზაურობა.

9. სამომავლო გეგმები კარიერაში
იმ ტრავმის შემდეგ, რომელმაც ჩემი სამომავლო გეგმები დაამსხვრია, ვცდილობ აღარ ვიცხოვრო გეგმებით. ვცეკვავ ოპერისა და ბალეტის თეატრში, მაქვს ბევრი გასტროლები და წინ კიდევ ბევრი საინტერესო როლის შესრულება მელოდება.

10. საყვარელი ფრაზა
არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რაც ძალიან ხშირად მომისმენია ჩემი მისამართით და მეც ხშირად გამივლია გულში არის „ამასაც გადალახავ“.

11. გზავნილი მსოფლიოს
რა შემიძლია ვთქვა, თუ არა ის, რომ ვუსურვო მშვიდობა. საშინელ ქაოსშია მსოფლიო. ვიცი, სამწუხაროდ მე ამ ფრაზით მსოფლიოში ვერაფერს შევცვლი, მაგრამ თუ კი შემიძლია თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანო მისი კეთილდღეობისთვის, ძალას არ დავიშურებ. დარწმუნებული ვარ, ჩემი თანატოლებიც მსგავს პოზიციაზე არიან.


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
ფოტოს ავტორი: ავთო მეტრეველი
9-01-2017, 19:07
ავტორი: GOGAGGG
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!