Image
gzavmili
ვინ არის ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, რომლის „ემიგრანტის დღიურის“ ჩანაწერებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია

ვინ არის ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი, რომლის „ემიგრანტის დღიურის“ ჩანაწერებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია

8466 ნახვა
Gogaggg.tv-ს დღევანდელი სტუმარია ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი

1. დაამთავრეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტობის პერიოდში ძალიან აქტიური იყავით. რას საქმიანობდით?
თავდაპირველად იყო მეგობრებთან ერთად დაარსებული სამეცნიერო ორგანიზაცია "სტაგი", შემდეგ "ახალი სტუდენტური ალიანსი" (ასა), ცოტა მოგვიანებით- სტუდენტური თვითმმართველობა. ამასთანავე სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი ვიყავი, რომლის ხელმძღვანელი ბატონი ტარიელ კვიციანი გახლდათ. იქ გავიცანი გიორგი კეკელიძე და დღესაც ვმეგობრობთ. საქველმოქმედო აქციები, გამოფენა-გაყიდვები, სამეცნიერო კონფერენციები, სხვადასხვა ღონისძიებები და მოკლედ, უნივერსიტეტში არაფერი ტარდებოდა, მონაწილეობა არ მიმეღო ან ორგანიზატორი არ ვყოფილიყავი. ხშირად დავდიოდი ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში”და ქალბატონი ინგა დარბაზს რომ სიტყვას აძლევდა, მიკროფონი თითქმის სულ მე მეკავა ხელში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ერთხელ, მახსოვს, დარბაზში აღარ დამსვეს, რადგან ცნობადი სახე ხარ, სულ შენ საუბრობო. მიყვარს ჩემი სტუდენტობის დრო, უნივერსიტეტელი მეგობრები და ყველაფერი, რაც თსუ-სთან მაკავშირებს.

2. შვილის შეძენიდან ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაზე ჩააბარეთ იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. მაშინ დაიწყო 4-წლიანი ემიგრაცია. როგორი იყო იქ გატარებული წლები?
ადრეც მაქვს მოყოლილი და ბევრმა კარგად იცის. იტალია იყო პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ჩემს ცხოვრებაში. მეორე კურსზე ვიყავი, რომ სტუდენტური მთავრობის წევრი გავხდი, დავდიოდი სხვადასხვა შეხვედრებზე, გავიცანი საინტერესო ადამიანები, მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, რომელიც იმ დროს ფლორენციის მერი იყო. მეგობრები მყავდა ორივე წამყვან პარტიაში, "PDL" და "PD". ტოსკანა წითელია, ანუ ბევრი კომუნისტი ცხოვრობს და სულ ვეკამათებოდი მათ, ვუმტკიცებდი, რომ კომუნისტებმა ჩემს ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანეს. უნივერსიტეტმა, როგორც სტაჟიორი სამუშაოდ ადგილობრივ თვითმართველობაში გამიშვა. ამას მოჰყვა მუშაობა ქალაქ პრატოს იმიგრაციის სამსახურში, როგორც კულტურული მედიატორი. მიწევდა იტალიის ციხეებში ქართველ პატიმრებთან შეხვედრაც და მათი დახმარება, ვისაც ენის ბარიერი ჰქონდა. ვმეგობრობდი იტალიის რეგიონის პრეზიდენტთან ენრიკო როსთან, რომელიც ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოვიწვიეთ და სტუდენტებთან შეხვედრა მოვუწყეთ. დღესაც ვკონტაქტობ ჩემს იტალიელ პროფესორებთან და ძალიან მგულშემატკივრობენ. ახლა რომ ვფიქრობ, მართლა წარმატებული და ნაყოფიერი ცხოვრება მქონდა.

3. იტალიის შემდეგ ამერიკაში ჩახვედით
6 თვე გავატარე კოლეჯში და ვაღიარებ, რომ აქ უფრო რთულია სწავლა, ვიდრე ევროპაში. ძალიან მომთხოვნები არიან. ეს ქვეყანა იმიტომ მიყვარს, რომ უფრო მეტად თავისუფალი ხარ და ფულიც იშოვება. ფულით კი ბევრ რამეს აკეთებ, მხოლოდ ბედნიერებას ვერ ყიდულობ.

4. ისევე როგორც იტალიაში, ნიუ-იორკშიც ძალიან აქტიური ხართ. ხშირად აღმოჩნდებით ხოლმე სიახლეების ეპიცენტრში: გიხილეთ კოლუმბის დღეზე ქალაქის მერთან ერთად, ნიუ-იორკის გენერალურ საკონსულოში 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, გაეროში ერთ-ერთ შეხვედრაზე თათია დოლიძის საუბრის ლაივ ჩართვაც გააკეთეთ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთელი დღის განმავლობაში აშუქებდი რა ვითარება იყო მანჰეტენის საარჩევნო უბნებზე და დღის ბოლოს, ნოემბრის სუსხიან საღამოს ABC არხის ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად თაიმ სქვერზე იდექით და ამერიკელებთან ერთად თქვენც ღელავდით, ვიდრე საბოლოო შედეგებს აჩვენებდნენ დიდ ეკრანზე. პარალელურად მუშაობთ. როგორ ასწრებთ?
მაშინ იტალიურ ტელევიზიაში ვმუშაობდი. მიყვარს ყველაფრის კეთება, რაც აქტიურობას და ხალხში ტრიალს მოითხოვს. ვასწრებ, რადგან ძალიან მონდომებული ვარ. რაც შეეხება გაეროს, საქართველოდან ახალგაზრდებს ყოველ წელს ჰყავთ წარმომადგენელი. ჩემი მეგობრობა ჯერ ლაშა შაყულაშვილთან დაიწყო, შემდეგ მარიამ სიხარულიძესთან გაგრძელდა დაახლა თათია დოლიძე გვყავს. ყველა ახალგაზრდულ შეხვედრას ვესწრები და მოხარული ვარ, რომ მიწვევენ, როგორც საპატიო სტუმარს. თათია საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტს მიაღწევს. მას ამის დიდი პოტენციალი აქვს. ვუსურვებ წარმატებებს! საქართველოს ნამდვილად სჭირდება ასეთი ახალი სახეები.

5. იტალიაზე შეყვარებულმა, იქ ყოფნის დროს იტალიური სამზარეულოს კურსი გაიარეთ. მას შემდეგ, საკუთარი გვერდიც შექმენით ფეისბუქზე სახელწოდებით „სისის სამზარეულო“ და გემრიელ რეცეპტებს უზიარებთ გურმანებს. ცოტა ხნის წინ, ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ „რეიჩელ რეის შოუშიც“ გიხილეთ ამერიკელებისთვის ქართული სამზარეულოს გაცნობის ინიციატივით. როგორი რეაქცია ჰქონდა რეიჩელს?
იტალიური კერძები ძალიან მიყვარს და კარგადაც ვამზადებ. რეიჩელის შოუს რაც შეეხება, გამიხარდა, როდესაც მითხრა, რომ იცის ქართული სამზარეულოს შესახებ. დამპირდა ქართულ კერძს მოგამზადებინებო და ვნახოთ, ველოდები მისი პროდიუსერისგან გამოხმაურებას.

6. 16 და 17 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 88 წლის თვითნასწავლ მხატვარს, ქალბატონ ელენე ლეხუტაშვილს თქვენი და რამდენიმე ემიგრანტის დახმარებით გამოფენა მოუწყეთ და დაუვიწყარი წუთები აჩუქეთ. გვიამბეთ ფონდი „ემიგრანტის“ შესახებ, რომლის ინიციატორიც თქვენ ხართ.
ფონდი "ემიგრანტი" იურიდიულად ჯერ არ დარეგისტრირებულა. ეს, უბრალოდ ჩემი პატარა წამოწყებაა და მინდა ფრთები შევასხა. როდესაც საქართველოში დავბრუნდები, იქ დავარეგისტრირებ. მიყვარს ხალხის დახმარება, განსაკუთრებით კი ნიჭიერი ადამიანების. ელენე ბებო კი გენიაა, რომელიც საქართველოს ისტორიას დარჩება. მადლობა უფალს, რომ ჩვენ ასეთი ქალბატონი გვყავს. დრო მოვა და ქართველი ხალხი ნიკო ფიროსმანივით დააფასებს..

7. ძალიან ბევრი ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი გცნობთ. ქუჩაშიც ხშირად გაჩერებენ და გესაუბრებიან. როგორი გრძნობაა ხალხს რომ უყვარხართ?
დიახ, ჩემი ოჯახის წევრებს არ სჯერავთ ხოლმე როდესაც ვეუბნები. ბროდვეიზე ან მეტროში ქართველები მაჩერებენ და მეკითხებიან :- თქვენ ცისნამი არ ხართ ფეისბუქიდან? ჩემი პოსტებით თითქმის მთელი ემიგრაცია მცნობს. ძალიან კარგი გრძნობაა. ზოგს მოსწონხარ, ზოგს არა. ეს ბუნებრივია. არის უამრავი კრიტიკაც, მაგრამ წარმატებას ეს ყველაფერი მუდამ თან სდევს. მე ყველა სახის აგრესიას მაინც სიყვარულით ვპასუხობ.

8. ბოლო დროს დაიწყეთ „ემიგრანტის დღიურის“ ჩანაწერების გამოქვეყნება არარედაქტირებული სახით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების აზრი ორად გაყო. დიდი ხანია, რაც დღიურს წერთ?
დღიურის წერა წლების წინ, იტალიაში დავიწყე. ყოველთვის ვაპირებდი წინგად გამოცემას და ახლა, ჩემი დღიურის მომავალი რედაქტორი ქალბატონი მარეხი ბეჟანიშვილი ჩემს ოცნებას რეალობად აქცევს. Gogaggg.tv საიტზე რამდენიმე ჩანაწერი გამოვაქვეყნე რედაქტირების გარეშე, რადგან ხალხის აზრი მაინტერესებდა. ზოგს მოეწონა, ზოგმა გამაკრიტიკა. თუმცა, ორივე შემთხვევაში კარგი პიარია. კარგია, როცა წიგნი ჯერ არ დაბეჭდილა და ხალხი ამაზე საუბრობს. განსაკუთრებული აგრესია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისგან წამოვიდა. მე არ ვარ პროფესიონალი მწერალი. ეს, უბრალოდ ემიგრანტის დღიურია, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრებას აღწერს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ემიგრანტი მასში თავის თავს იპოვნის. წიგნი ეძღვენებათ ემიგარნტ დედებს და ვთვლი, რომ როცა დაიბეჭდება, არა მხოლოდ ემიგრანტებისთვის არამედ სხვებისთვისაც საინტერესო იქნება, რადგან მასში ბევრია ისევე როგორც სევდა, ასევე პოზიტივი, იუმორი და ცოტა ინტრიგაც. იგი უბრალო, გულიდან წამოსული სიტყვებით არის დაწერილი, არ არის პლაგიატი და ძალიან ჩემია… ადვილი საკითხავი იქნება ყველასთვის.

9. წიგნი უამრავი ემიგრანტის ტკივილს ეხმაურება და ამიტომ გახდა ჩანაწერები საინტერესო. ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ძალიან ძნელია ემოციის გარეშე წაიკითხო, აღწერილი გაქვთ შვილთან განშორების პროცესი. მაშინ როგორ გაუმკლავდით და დღემდე როგორ ახერხებთ, გაუძლოთ ამ ტკივილს?
შვილთან განშორების ტკივილს დღემდე ვერ ვუმკლავდები. ეს ისეთი ტკივილია, რომელიც არ ყუჩდება, სულ გტკივა და მუდამ თავს გახსენებს... უბრალოდ, სულიერად ძლიერი პიროვნება ვარ და მე მას პირობა მივეცი, რომ ყველაფერი ექნებოდა და ასეც იქნება! ყველაფერი მისთვის მინდა და ჩემი წარმატება მისი წარმატებაა. ჩემი შვილია ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ირაკლის საუკეთესო მომავალი ჰქონდეს.

10. ამჟამად თქვენი წიგნი რედაქტირებას გადის. როდის იხილავს მკითხველი დასრულებული სახით?
ყველაფერი რედაქტორზეა დამოკიდებული. ბევრი სამუშაოა და რთული პროცესია, რადგან შვიდასი გვერდიდან დაახლოებით სამას გვერდამდე გვინდა შემცირდეს. ასე, რომ დროს მოითხოვს.

11. უკავშირდება თუ არა თქვენი გეგმები საქართველოს და როდის აპირებთ დაბრუნებას სამშობლოში?
ძნელია წინასწარ რამის თქმა. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
9-01-2017, 00:55
ავტორი: GOGAGGG
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!